მესხური საოჯახო ნივთი ფეშხუმი
Main Article Content
ანოტაცია
ქართული პურობისათვის განკუთვნილი იყო საგანგებო მრგვალი ფორმის სატრაპეზო მაგიდები სათანადო აღჭურვილობებით, რომელთა სახელწოდებებიც წერილობით წყაროებში ნაირგვარი ტერმინოლოგიითა ცნობილი (ფეშხუმი, ტაბლა, ტრაპეზი, ტაბაკი, ლანკანი, ხონჩა, სუფრა და ა. შ.). სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში (შავშეთი, სამცხე-ჯავახეთი, კოლა-არტაანი, ტაო, კლარჯეთი) საუზმის, სადილისა თუ ვახშამის სუფრა ფეხდაბალ ტაბლაზე იშლებოდა, რომელსაც მოსახლეობა დღემდე ფეშხუმის სახელით მოიხსენიებს.
საინტერესოა ის გარემოება, რომ საეკლესიო ინვენტარებში იმავე სახელწოდებით მოიხსენიებენ ძვირფასი ლითონის სადგარიან პატარა ლანგარს, რომელზედაც ლიტურგიის დროს სეფისკვერებს კვეთენ.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მნათობთა თაყვანისცემის სიმბოლურ გააზრებას უკავშირდება. ფეშხუმის მრგვალი ფორმა შეიძლება პურობის ხასიათით იყოს შეპირობებული, რომლის უშუალო დანიშნულებაა თანამესუფრეთა შორის ისეთი ლოკალური წრე შეიქმნას, რომელიც მათ ერთმანეთთან დააახლოებს.